ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ შექებას იმსახურებს საქართველოს მთავრობა და ოპოზიცია, რომლებმაც რთულ დროში გამოსავლის პოვნა სცადეს.
მისი თქმით, საქართველოში, ქართველი ხალხის სახელით დიდი პროგრესი იქნა მიღწეული.
„გარკვეული გამოწვევები არსებობს საქართველოში, თუმცა ეს გამოწვევები ყველგანაა იქნება ეს კორონავირუსთან დაკავშირებით, პოლიტიკასთან, თუ სხვა რამ. ჩვენც საკუთარი საპრეზიდენტო არჩევნები გვიახლოვდება, რაც ასევე საინტერესო იქნება. მიუხედავად ამისა, მე მიმაჩნია, რომ საქართველოში, ქართველი ხალხის სახელით დიდი პროგრესი იქნა მიღწეული. ვიცი, კვლავ არის გარკევული საკითხები მოსაგვარებელი, თუმცა მთავარი თემა მოახლოებული არჩევნებია. ვიმედოვნებ, რომ მანდ ვიქნები ოქტომბერში, როგორც დამკვირვებელი. ეს დამოკიდებულია მიმოსვლაზე, ასევე, კონგრესის სამუშაო გრაფიკზე. კიდევ ერთხელ, შექებას იმსახურებს განსაკუთრებით, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობა, ოპოზიცია, რომლებსაც ძალიან რთულ დროში მოუწიათ გავლა და ეცადნენ, გამოსავლის მოძებნას. შესაძლოა ეს გამოსავალი ყველას არ მოეწონოს, თუმცა დემოკრატია სწორედ ეს არის“, – განაცხადა კინზინგერმა ონლაინ პრესკონფერენციაზე.
რაც შეეხება კორონავირუსთან გამკლავების საკითხს, კინზინგერის თქმით, აშშ საქართველოს გვერდით დგას. მან იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი განიხილავს, თუ როგორ იმოქმედოს გლობალურ დონეზე დახმარების კუთხით.
„აშშ-მა არა მხოლოდ უნდა შეინარჩუნოს, არამედ უნდა გააორმაგოს ჩართულობა და ჩინეთის წინააღმდეგ წნეხი, რომელიც ამ პანდემიაზეა პასუხისმგებელი. ეს ის პრობლემებია, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეკონომიკა ალბათ ყველაზე დიდ დარტყმას მიიღებს ჩვენთანაც და საქართველოშიც და ვიმედოვნებ, ეს ის მომენტია, როდესაც გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი განსხვავებები და ამის გადასალახად ერთად ვიმუშაოთ ჩვენი ხალხის სასარგებლოდ“, – აღნიშნა კონგრესმენმა.
იგი შესავალ სიტყვაში საუბრისას ანაკლიის პორტის საკითხსაც შეეხო.
„ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ვესაუბრე საქართველოს მთავრობას და როგორც მითხრეს, ისინი დაინტერესებულნი არიან ამერიკული ინვესტიციით ამ პროექტში. იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდება ამ პროექტის განხორციელება. მინდა მივულოცო ჩვენს ელჩს საქართველოში – კელი დეგნანს. ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგად მუშაობს“, – განაცხადა კინზინგერმა