“რომელ ევროპულ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ? გარყვნილებაზე? რასიზმზე?” – ამის შესახებ, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ქადაგებისას განაცხადა.
“ჩვენმა ხელისუფალმა, პრემიერმა იქ, უცხოეთში, შეხვედრაზე თქვა, რომ ევროგაერთიანება თუ ინტეგრაცია კარგია, მაგრამ უკვე ამდენი წელია ამაზე ვსაუბრობთ და საქმეზე ხომ არ გადავიდეთო? ხალხს რა ვუთხრათო? იმიტომ, რომ ეს უკვე ისე იწელება დროში, ხალხს უკვე იმედი აღარ აქვს, რომ თქვენ ეს გინდათო. კი, კი გავითვალისწინებთო, გაითვალისწინეს და ისეთი რამე შესთავაზეს ქვეყანას, რომ ნამდვილად ამაზე უარს იტყვიან ჭეშმარიტი ქართველები და ქრისტიანები და მაშინ საბაბი იქნება, ევროპაში როგორ შემოგიშვათ, თქვენ როგორი ჩამორჩენილები ყოფილხართო. ჩვენ ვართ ჩამორჩენილები?! და ისინი?! გააჩნია რომელ გზაზე ჩამოვრჩით ჩვენ და რომელ გზაზე არიან ისინი წარმატებული.
ჩვენ გვეუბნებიან უარი თქვითო [სახარებაზე, ქრისტიანულ ცხოვრებაზე], ახლა ევროპული ღირებულებებია. ეს სადაური ტერმინია? გეოგრაფიული ტერმინი ღირებულებებზე ლაპარაკობს? მაშინ, აზიურიც იყოს, აფრიკული, სამხრეთ ამერიკული, ანტარქტიდისაც ხომ შეიძლება? რა ღირებულებებზე მელაპარაკებით? ევროპა, რომელიც წარმართობაში იყო, იმის ღირებულება? თუ, ქრისტიანული როცა იყო? თუ როცა კათოლიკეები ინკვიზიციით წვავდნენ ადამიანებს კოცონზე? რომელ ევროპაზე მელაპარაკებით თქვენ? რომელ ევროპულ ღირებულებებზეა საუბარი?! დღევანდელი ევროპის? საფუძველი რა არის? ჩამოვთვალოთ:
დამპყრობლებმა აფრიკა, ამერიკა დაიპყრეს, აითვისეს, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა ამოხოცეს, რასისტული იყო. მუშახელი რომ დააკლდათ ამერიკაში, აფრიკიდან ათ მილიონზე მეტი ზანგი მონად გაყიდეს, რომ იქ ემუშავათ. ეს არის ევროპული ღირებულებები?! სისასტიკე იქ მყოფ ინდიელებს, სხვადასხვა ტომს, აფრიკელებს ადამიანებად არ თვლიდნენ, თუ ნახევრად რაღაცებად?! ეს ხომ რასიზმია უკვე.
საიდან წამოვიდა ათეიზმი? – ევროპიდან. ფაშიზმი? – ევროპიდან. მსოფლიო ომები? – ევროპიდან. რომელ ევროპულ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ ჩვენ?! ამიხსენით, რას გულისხმობენ?! უკაცრავად, გარყვნილებას, რომელიც დღეს ევროპაში დაკანონებული არის? ამ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ?! ჩვენ ულტიმატუმს გვიყენებენ, რომ თქვენ თუ ამას არ მიიღებთ, ევროპაში არ მიგიღებთო. უკაცრავად, ამ ულტიმატუმს არ უყენებენ ჩინეთს, ინდოეთს, იაპონიას, სპარსეთს, თურქეთს – რატომ? დიდი ქვეყნებია, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ცოტა ვართ და შეიძლება ჩვენ დაგვჩაგრონ?! და უარი გვათქმევინო ჩვენს განვლილ ორი ათასწლოვან გზაზე?! ამას დემოკრატია ჰქვია ხომ? თუ დემოკრატია შეწყნარებაა განსხვავებული აზრისა, მაშ შემიწყნარე მე, განსხვავებული აზრი მაქვს. არა, ჩემის შეწყნარება არ შეიძლება… ეს არის დემოკრატია?
ჩვენ დღეს ვდგავართ არჩევანის წინაშე: გავაგრძელოთ ქრისტეს გზა, ამ გზით ვიაროთ თუ წარმავალ რაღაც ღირებულებებზე, რომლებსაც ევროპულს ეძახიან?! ევროპაში მრავალი ღირებულება იყო და დღესაც არის. რომელზე? ეს ერის პოლიტიკური ღირებულებები და არა ზნეობრივი, არა სარწმუნოებრივი და არა ქრისტიანული. […] აი, მოდით, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი! ნუ გვეცილებიან ჩვენს არჩეულ გზაზე! მიგვიღონ, როგორიც ვართ. ჩვენ არ ვიყავით რასისტები, ჩვენ არ ვიმონებდით ვინმეს, ჩვენ არ ვართმევდით ტერიტორიებს არავის, ჩვენ მონების ყიდვა არ გვქონდა დაკანონებული… ჩვენ ყოველთვის ვიყავით მსხვერპლი, მსხვერპლი ღვთისათვის შეწირული ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის. დღეს რა ავირჩიოთ? ვარსქენის გზა? თუ რომელი?”, – თქვა მიტროპოლიტმა ქადაგებისას.