რომის პაპი კიევში სავარაუდოდ აგვისტოში ჩავა

რომის პაპი ფრანცისკი შეიძლება კიევში აგვისტოში ჩავიდეს, კანადიდან დაბრუნებისას, უკანა გზაზე. ამის შესახებ ვატიკანის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანმა, პოლ რიჩარდმა განაცხადა.

რომის პაპი უკრაინელმა პოლიტიკოსებმა და რელიგიურმა პირებმა ომის დაწყების შემდეგ არაერთხელ დაპატიჟეს უკრაინაში.

არ არის გამორიცხული, რომის პაპი მოსკოვსაც ეწვიოს.

მანამდე პონტიფიკოსი ამბობდა, რომ იმედი ჰქონდა რუსეთის პატრიარქ კირილს სექტემბერში ყაზახეთში შეხვდებოდა.

თავიდან ვარაუდობდნენ, რომ სულიერი ლიდერები 14 ივნისს იერუსალიმში შეხვდებოდნენ, თუმცა ვატიკანელმა დიპლომატებმა ჩათვალეს, რომ ასეთ სიტუაციაში ასეთი შეხვედრა მეტისმეტად სადაო იქნებოდა.

რომის პაპმა არაერთხელ გააკეთა კომენტარი უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, აღნიშნავდა უკრაინელი ხალხის გმირობას და ამბობდა, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო.

“მსოფლიო ომის მდგომარეობაშია. რამდენიმე წლის წინ ვთქვი, რომ ჩვენ მესამე მსოფლიო ომს ნაწილ–ნაწილ გავდივართ. ასეც არის. ვთვლი, რომ ახლა მესამე მსოფლიო ომი უკვე გამოცხადებულია. და ჩვენ უნდა დავფიქრდეთ. რა მოსდის კაცობრიობას, რომელმაც ერთ ასწლეულში სამი მსოფლიო ომი გადაიტანა? ეს ცუდია კაცობრიობისთვის. ეს უბედურებაა. ერთ საუკუნეში სამი მსოფლიო ომი, იარაღით ვაჭრობა, რომელიც მათ კვებავს“– ამბობდა პაპი ცოტა ხნის წინ ინტერვიუში.