რომ არა ივანიშვილი არ ექნებოდათ ბიჭებს ის შესაძლებლობები რაც გააჩნიათ, ხმამაღალმა განცხადებებმა შეიძლება გუნდში განხეთქილება გამოიწვიოს – რაგბის კავშირის პრეზიდენტი

“რომ არა „ფონდი ქართუ“ და ივანიშვილი არ ექნებოდათ ბიჭებს ის ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები რაც გააჩნიათ, ხმამაღალმა განცხადებებმა შეიძლება გუნდში განხეთქილება გამოიწვიოს” – აცხადებს, რაგბის კავშირის პრეზიდენტი, იოსებ ტყემალაძე, რითიც მორაგბეების მიერ აქციების მხარდამჭერ შეფასებებს გამოეხმაურა.

“გუნდის წევრების მიერ გაკეთებულმა სხვადასხვა ხმამაღალმა განცხადებებმა შეიძლება გამოიწვიოს განხეთქილება და დაპირისპირება ნაკრებში, რაც სრულიად დაუშვებელია და დამაზიანებელია იმ მიმართულებისთვის და მიზნისთვის, რისკენაც პატარ-პატარა თუ დიდი ნაბიჯებით, მაგრამ წინ და შეუპოვრად მიიწევს საქართველოს რაგბის კავშირი ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებთან ერთად. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა აუცილებლად უნდა ითამაშოს ევროპულ ლიგებზე და ტურნირებზე, ამისათვის კი საჭიროა ერთიანობა და გუნდურობა.

გარდა ამისა მინდა ყველას შევახსენო, რომ არა „ფონდი ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი დღეს არ ექნებოდათ ბიჭებს ის ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები რაც გააჩნიათ, რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა იმ შედეგების მიღწევა რაც გაგვაჩნია. ასევე მთავრობის ხელშეწყობით და მხარდაჭერით არის, რომ დღეს საშუალება გვაქვს მონაწილეობა მივიღოთ მნიშვნელოვან ევროპულ ტურნირებში და ჩვენს ბიჭებს ჰქონდეთ ღირსეული პირობები ამისთვის. ეს მხარდაჭერა გვაძლევს სიმტკიცეს, რომ კიდევ უფრო მეტი ამბიცია გავიჩინოთ და კიდევ უფრო მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებში ჩავერთოთ და მივიღოთ მონაწილეობა, რათა ქართული დროშა მსოფლიოს სარაგბო ქვეყნების არენებზე ფრიალებდეს”, – აამბობს ტყემალაძე.