კვირა დილით, როსტოვის ოლქის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ორი კამიკაძე დრონი ჩამოვარდა, რასაც მსხვერპლი და დაზიანება არ მოჰყოლია, განაცხადა კვირას რეგიონის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა თავის Telegram არხზე.
„ჩვენ წარმატებით შევიმუშავეთ უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ რადიოელექტრონული ბრძოლის ომის საშუალებები. საჰაერო თავდაცვა არ გამოგვიყენებია სამიზნის მცირე ზომის გამო. კამენსკის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ორი დრონი ჩამოვარდა“, – წერს გოლუბევი.
მისი თქმით, კიდევ ერთი დრონი ნოვოშახტინსკიდან ჩრდილოეთით ერთი კილომეტრის მანძილზე ჩამოვარდა.
მანამდე დრონი კურსკში სადგურის შენობის სახურავს შეეჯახა.
რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ კვირას ღამით კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა თავის ტელეგრამის არხზე განაცხადა.
„უკრაინული დრონების თავდასხმა კურსკში. წინასწარი ინფორმაციით, ის რკინიგზის სადგურის შენობის სახურავს შეეჯახა, რის შემდეგაც სახურავზე ხანძარი გაჩნდა. შუშის ნამსხვრევებით მსუბუქად დაშავდა ხუთი ადამიანი“, – წერს რეგიონის ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, დაზიანებულია სახურავი, ფასადი, პირველი ბაქანი, მოსაცდელი და საფეხმავლო გვირაბი.
უკრაინის ხელისუფლება ამ განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, კურსკის ოლქიდან წუხელ უპილოტო თვითმფრინავები უკრაინის მიმართულებით გაუშვეს.
გარდა ამისა, მოსკოვის ორმა აეროპორტმა წუხელ ფრენები შეწყვიტა დრონების თავდასხმის საფრთხის გამო.
სობიანინმა მოსკოვზე დრონით თავდასხმის მცდელობის შესახებ გამოაცხადა
“მათ რუსეთის დედაქალაქზე თავდასხმა დრონით სცადეს, ეს მცდელობა საჰაერო თავდაცვის საშუალებებით შეჩერდა“, განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა.
განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, სად ჩამოაგდეს დრონი. ღამით, თავდასხმების საფრთხის გამო, მოსკოვის ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტებმა ფრენები შეწყვიტეს.