როცა ადამიანი ავადაა და არ იცის ამის შესახებ, თუ მოვა ეკლესიაში, ის განიკურნება- მეუფე დანიელი

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის აზრით, თუ ადამიანი ავად არის და ამის შესახებ არ იცის, ეკლესიაში მისვლის შემთხვევაში ის განიკურნება.

მისივე თქმით, იმ ადამიანებს, მათ შორის რისკჯგუფებს, რომელთაც ეკლესიაში მისვლა რაიმე მიზეზით არ შეუძლიათ, სახლში დარჩენა ცოდვად არ ჩაეთვლებათ.

,,კაცობრიობას ეხარა, რომ ღმერთთან გაწყვეტილი კავშირი აღდგა ამ დღეს. ყველა ის ადამიანი, რომელიც რისკის ჯგუფშია, რაიმე მიზეზის გამო არ შეუძლია მოსვლა ეკლესიაში, არ იქნება მისი მხრიდან ცოდვა, თუ დარჩება სახლში. ეკლესია არის ქრისტეს სხეული და ყველა მოქმედება, რომელიც ეკლესიაში აღესრულება, ნიშნავს ღვთაებრივი ორგანიზმის წიაღში აღსრულებულ პროცესებს. ამიტომ, თუ ადამიანი ოდნავ მაინც ავად არის და არ იცის ამის შესახებ, თუ მოვა ეკლესიაში, ის განიკურნება”,- თქვა მეუფემ.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. მიუხედავად საყოველთო კარანტინის და  საგანგებო მდგომარეობისა, დილიდან სამების საკათედრო ტაძარში ლიტურგია ტარდება და მას მრევლი ესწრება.