”მგონია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ყველა ნორმალური ადამიანისთვის, ყველა ინფორმირებულისთვის ნორმალური ინსტინქტია, რომ ესეთ დღეს, ესეთ მომენტში, ზოგადად ამ ბრძოლის დროს, ნებისმიერი ფორმით უკრაინელ ერს სოლიდარობა გამოუცხადოს. მაგრამ ამას გარდა გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესი, რომ ამ რთულ პერიოდში, როცა ასეთი მოღალატე, კოლაბორაციონისტი რეჟიმი გვყავს, ქვეყანაში მორალური სიცხადე გვქონდეს. ამისთვის აქვს მნიშვნელობა საჯარო პოზიციის ყველა მკაფიო დაფიქსირებას – ვინ არის ჩვენი მტერი და ვინ მოყვარე.

არ ვიცი თვალი თუ ადევნეთ, დღეს იყო კლასიკური განცხადება, [გოგა] ხაინდრავასი, რომელმაც დასავლეთი დაადანაშაულა ამ აგრესიაში. ანუ, აგრძელებენ ანტიდასავლურ, ანუ ანტიქართულ კამპანიას. ამ დროს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რეჟიმის შეცვლისა და ქვეყნის ამ ჭაობიდან გამოსაყვანად ყოველ ასეთ დროს მოქალაქეები გამოვიდნენ და საჯარო პოზიცია დააფიქსირონ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რა პროპაგანდას ეწევა რეჟიმი: “შეხედეთ, რამხელა მსხვერპლი მოაქვს თავისუფლებისთვის ბრძოლას თურმე და არ ღირს ამისთვის ბრძოლა”. – ამით გვაშინებენ. რეალურად, დღეს უკრაინელ ერს იმიტომ უწევს ასეთ მსხვერპლზე წასვლა და გმირული ბრძოლა, რომ თავის დროზე, ჩვენს მსგავსად, 90-იან წლებში, როდესაც რუსეთი დასუსტდა, ისინი არ იყვნენ ფორმაში.”

განაცხადა პარტია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პარლამენტთან მიმდინარე უკრაინელების მიერ გამართულ აქციაზე – რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა.