“როცა მედიაში ხდება ამ საკითხით აჟიტირება, განმარტებებს ვაძლევთ”- შალვა პაპუაშვილი ევროკავშირში საქართველოს ელჩის ბრიუსელში დაბარებაზე პასუხისმგებლობას მედიას აკისრებს.
“არაფერი ამაში სკანდალური არ არის. მე ამ შეხვედრის შესახებ კონკრეტულად არ ვიცი, თუმცა, იმ პირობებში, როცა ამ თემაზე, სამწუხაროდ, მერამდენე დღეა, მედიით ხდება ამ საკითხით აჟიტირება, რა თქმა უნდა, განმარტებებს ვაძლევთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ეს საჭიროა და ამ კომუნიკაციაში ჩვენ ჩვენი არხებით, რა თქმა უნდა, ვართ, რომ განმარტებები მივცეთ”.
სუს-ის მიერ ელჩების მოსმენების გამო საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში განმარტებისთვის დაიბარეს.
“თქვენ უკვე იცით ბრიუსელის რეაქცია მოსმენების შესახებ. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვიღებთ, იმიტომ, რომ ეს კითხვებს აჩენს. იცით, რომ დიპლომატიურ ურთიერთობებს ვენის კონვენცია არეგულირებს. არ მივიჩნევთ ბუნებრივად, რომ ისეთი ახლო მეგობარი და პარტნიორი, როგორიც საქართველოა, ასეთ მოქმედებებშია ჩართული. ამ მიზეზით, გუშინ საქართველოს ელჩი ევროკავშირში შეხვედრაზე დაიბარეს ბრიუსელში, ევროკავშირის სათავო ოფისში, იმისთვის, რომ პოზიციები ყოფილიყო გარკვეული და შემდგომი სათანადო ნაბიჯები იქნას გადადგმული”. – თქვა კარლ ჰარცელმა.