საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა, მეხანძრე-მაშველებს ასაკოვანი მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. როგორც კერესელიძემ ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძრის გავრცელების საშიშროება იყო, თუმცა, ხანძრის კერა უკვე ლიკვიდირებულია.
“ხანძრის დროული ლოკალიზება მოხდა. ხანძრის ქრობა მიმდინარეობდა სამი მხრიდან, რადგან კორპუსი გამჭოლია. იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა, მეხანძრე მაშველების დროული რეაგირების შემდეგ მოხდა ლოკალიზება. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. სამწუხაროდ, გარდაცვლილია ერთი ასაკოვანი მამაკაცი. როდესაც მეხანძრე-მაშველები ბინაში შევიდნენ, მამაკაცი გარდაცვლილი იყო. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური და დაადგენს მიზეზს, თუ რამ გამოიწვია ხანძარი. დამწვარია მხოლოდ ერთი სახლი, დაახლოებით, 35 კვ.მ-ის ფართობის. სახლში გარდაცვლილი მამაკაცის გარდა სხვა პირები არ იმყოფებოდნენ. მეზობელი სახლებიდან მოხდა მოსახლეობის გამოყვანა, რაშიც მათ მეხანძრე-მაშველები დაეხმარნენ“, – განაცხადა კერესელიძემ.