როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველა ნორმას დააკმაყოფილებს, რომელიც მივაწოდეთ, შესაძლებელია მისი აღდგენა დაჩქარდეს – ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე “დღის კურიერში” სტუმრობისას აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

“მას შემდეგ, რაც ჩვენ შევწონით ყველა იმ რისკსა და ასევე, დასაშვები სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობას და დასაშვები მგზავრების რაოდენობას, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ ტრანსპორტში დაიშვას, ამის შემდეგ მოხდება ამ რეგულაციის დადგენა.

იმ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს, ამ დაშვებით ჩვენ მნიშვნელოვნად ვზრდით იმ სოციალურ აქტივობებს, რომელიც დღესდღეობით ტრანსპორტის შეზღუდვიდან გამომდინარე ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. ეპიდემიის გავრცელების რისკი ამ შემთხვევაში გაიზრდება, რაც ჩვენ მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომ მოგვიწევს ამ რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება და ისევე როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე მთავრობასაც აქვს ამის სურვილი. პირიქით, ჩვენ გვინდა, რომ ფრთხილი ნაბიჯებით შევძლოთ ის, რომ ნებისმიერი შემსუბუქებული რეგულაცია ხანგრძლივი პერიოდით დარჩეს ქვეყანაში და არ გვქონდეს უკან გადასადგმელი ნაბიჯები.

ჩვენ დეტალურად ვმუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით და როგორც გვექნება შესაძლებლობა, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა დააკმაყოფილოს ყველა ის საჭირო ნორმა, რომელიც არის ჩვენი მხრიდან მოწოდებული, შესაძლებელია გადაწყვეტილება დაჩქარდეს”, – განაცხადა  ეკატერინე ტიკარაძემ.