როცა სიმართლე შენს მხარესაა, ადვილი არის ოპონირება – კახა კუჭავა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, კახა კუჭავა ამბობს, რომ შესაძლოა ოპოზიციამ ევროპარლამენტარისთვის გაგზავნილი წერილის გამო ბრალდებები წაუყენოს, თუმცა აღნიშნავს, რომ “როცა სიმართლე შენ მხარესაა, ოპონირება ადვილია”

“მათ არ დაუშლით არც ჭკუა და არც ენერგია, რომ ახალი ბრალდებები წამოაყენონ და რაც უნდათ ის ილაპარაკონ. ჩვენ შეჩვეული ვართ მსგავს ინფორმაციას. მე ბევრჯერ მთხოვეს, რომ უფრო დეტალური კომენტარები გამეკეთებია, მაგრამ არც არასრის გავაკეთებ, არ არის ჩემი საქმე, პოლიტიკოსის საქმე, რომ ჩავერიო სასამართლო გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და თუ ვინმე არ ენდობა, შემდეგ შეიძლება ამის გასაჩივრებაც. ასეთი შემთხვევები ბევრი ვიცით, თუმცა ქართული ოცნების პერიოდში გვახსოვს ძალიან ბევრი ხმაურიანი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სასამართლომ. ყველაფერს ველოდებით, მაგრამ ფაქტი ერთია, როდესაც სიმართლე შენს მხარესაა ადვილია ოპონირება”, — განაცხადა კუჭავამ იმედის ეთერში.

კუჭავა უარყოფს, რომ “ქართული ოცნების” წერილში გიორგი რურუა კრიმინალად არის მოხსენიებული.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებისგან რურუასთან დაკავშირებით კითხვები ისმებოდა, ეს საინფორმაციო ბიულეტენიც მათთვის დაიწერა, ვისაც რურუას შესახებ კითხვები ჰქონდათ.

“ძალიან ბევრი სიცრუე გავრცელდა დღეს, თუნდაც ის, რომ ჩემს მიერ იყო ბიულეტენი ხელმოწერილი. ეს ხელმოწერილი არ არის, არც ბლანკზე არ არის, უბრალოდ ლოგოა ქართული ოცნების და არ წერია, რომ ვინმე კრიმინალია, მსჯავრდებულია და ა.შ. აქ საუბარია ფაქტებზე, რომელიც ცნობილია, რომ 90-იან წლებში იყო მხედრიონის წევრი, მისი ძმა იყო სააკაშვილის მთავრობის წარმომადგენელი. მითითებულია თორაძეების ოჯახის საქმე, სადაც ჩვენ არ ვამბობთ რომ ვინმემ ვინმე მოკლა. აქ უბრალოდ ფაქტებია მოყვანილი”, — განაცხადა კუჭავამ.

შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ევროპარლამენტარებს გიორგი რურუას შესახებ წერილი გაუგზავნა, სადაც წერია, რომ რურუა 90–იან წლებში დანაშაულებრივ საქმიანობაში იყო ჩართული და ის კრიმინალია.