როცა შანსი გვაქვს პირველ ტურში, მეორე ტურის გარისკვა უპასუხისმგებლობაა – ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ენმ-სთან აფილირებულ პირებს აქცენტი მეორე ტურზე გადააქვთ, ოპოზიციამ კი არჩევნებზე გარდატეხის მოხდენა პირველივე ტურში უნდა შეძლოს.

“რამოდენიმე განცხადება გაკეთდა ბოლო დღეებში, რომელიც სრულიად უპირისპირდებოდა ამ სულისკვეთებას. ვგულისხმობ აქცენტის გადატანას არჩევნების მეორე ტურზე. ეს განცხადებები გაკეთდა იმ ადამიანებისგან, რომლებიც იყვნენ აფილირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. პირველ ტურში თუ ოპოზიცია გარკვეულ წარმატებას მიაღწევს, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გარდატეხა პირველივე ტურში მოხდეს. მე არ ვიძახი, რომ 2018 წელი აუცილებლად განმეორდება”,- ამბობს ბოკერია „გიორგი თარგამაძის ფორმულა“-ში.

მისივე თქმით, უპასუხისმგებლობა იქნება მეორე ტურის გარისკვა, როცა შანსი პირველ ტურშიც არსებობს.

“იმედი მაქვს და ამაზე ვმუშაობ, რომ ყველა ვარიანტში დამარცხდეს ივანიშვილი იმიტომ, რომ ეს არის ეროვნული ამოცანა. ეს კაცი, რომლიც საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობიანად უნდა ჩამოვიცილოთ, მაგრამ როგორი უპასუხისმგებლო იქნებოდა ყველა ჩვენთაგანის მხრიდან, როცა შანსი გვაქვს პირველ ტურში მკაფიო შედეგის ჩვენების, გავრისკოთ მეორე ტური. ამ დროს იზრდება ნევროზულობა, რისკები და უადვილდებათ პროპაგანდა იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მსხვილი პოლიტიკური ძალები ევროპული საქართველოს ჩათვლით იქნებიან მეორე ტურში უფრო მეტ ადგილას. ამ შემთხვევაში მცირდება რაოდენობა იმ ხალხის, რომლებიც იმასთან შედარებით, რომელთაც ივანიშვილის წასვლა უნდა და იმასთან შედარებით, ვინც ვთქვათ ევროპულ საქართველოს უჭერს მხარს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.