„ქართულ ოცნებას“ არ გადაუდგამს წლების განმავლობაში არცერთი ნაბიჯი მშვიდობიანი დეოკუპაციის გაძლიერებისა და მიღწევის თვალსაზრისით. ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ ეს არის პრორუსული რეჟიმი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ ახსენოს ოკუპანტი, არ გააბრაზოს ოკუპანტი, არ დაიცვას ქართული სუვერენული ხმა. არ დაიცვას ქართველთა ეროვნული ინტერესები და არ გადადგას არცერთი ქმედითი ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიღწევის კუთხით. ეს მე არ მესახება როგორც განსაკუთრებულად რომელიღაც პოლიტიკის გაძლიერების მაგალითად და პირიქით, მახსენდება ის, რომ რუსეთი წლების განმავლობაში სისტემატურად მოითხოვდა იმას, რომ საქართველოს გადაედგა ეს ნაბიჯი. ესეც არის რუსეთის სისტემატური მოთხოვნის შესრულება „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხრიდან, რომელიც არ გამიკვირდება, სულ მალე დაიწყებდეს საუბარს ნეიტრალიტეტსა და ამ ტერიტორიების აღიარებაზე. საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ რეჟიმი გააკეთებს ზუსტად ამას. საბოლო მიზანი ამ რეჟიმის არის საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება და ამ ტერიტორიების აღიარება.[…[ როდესაც ფორმატს ჰქვია „გაფართოების ფორმატი“ და ამ ფორმატზე არ ხარ მიწვეული, ეს ნიშნავს, რომ შენ არ ხარ გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი. ეს ძალიან მარტივად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის დასრულებული. ის აღარ არის კარგი, აღარ არის საშუალო, აღარ არის ცუდი, არამედ საერთოდ აღარ არსებობს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მანამ, სანამ „ქართული ოცნების“ რეჟიმი განაგრძობს ამ ქვეყნის დე-ფაქტო რეჟიმში მართვას, არავითარი ევროპული ინტეგრაცია არ მოხდება და ამის დასტურია ისიც, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, ჩახსნილი ვართ ევროპული კავშირის გაფართოების დღის წესრიგიდან“,

ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ინიციატივას, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების თაობაზე.