”როცა ევროკავშირს 31 აგვისტომდე ივანიშვილის „ოცნებისგან“ პასუხი უნდა მიეღო იმაზე, რაც შარშან დააშავა და რის გამოც უვიზო მიმოსვლის შეჩერების რეალური საფრთხეა, ივანიშვილმა ცეცხლს დამატებით ნავთი დაასხა” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე წერს, რითაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ქართულ საქმეს ემსახურებიან, ქართველ ხალხს ეხმარებიან და დღეს, ისე როგორც ამ ქვეყნის ასიათასობით მოქალაქე, საქართველოს ევროპული მომავლისთვის მამაცურად იბრძვიან.
დღეს, შვიდი ორგანიზაციის დაყადაღება და მუქარა, რომ უფრო მძიმე „განსაცდელი“ წინ ელით, რუსების პასუხია ჩვენს საქმეებზე, პასუხია ნაწამები ადამიანების დაცვაზე, ივანიშვილის ჩინოვნიკების კორუფციის მხილებაზე, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაზე. მაშინ, როდესაც ევროკავშირს 31 აგვისტომდე ივანიშვილის „ოცნებისგან“ პასუხი უნდა მიეღო იმაზე, რაც ჯერ კიდევ შარშან დააშავა და რის გამოც საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების რეალური საფრთხე უდგას, ივანიშვილმა ცეცხლს დამატებით ნავთი დაასხა.
მგონი, ყველასთვის ცხადია რა სურს ივანიშვილის „ოცნებას“ – საქართველო აღმოჩნდეს სრულ იზოლაციაში, ჩაკეტილი საზღვრებით ცივილიზებულ სამყაროსთან, მარტო, დაუცველი დარჩეს რუსეთთან. ივანიშვილის „ოცნებას“ სურს მალე დასრულდეს უვიზო მიმოსვლის საკითხის გადაწყვეტაც და ჩაიკეტოს საზღვრები. სურს ეს ისე გააკეთოს, რომ ხალხის რისხვა თავიდან აიცილოს, სურს ამით დაასრულოს საქართველოს ევროპულ გზაზე ფიქრი და რუსული მავთულხლართებით შემოღობილ ჭაობში ჩაახრჩოს ქართველი ხალხის მომავალი, რადგან რუსული ჭაობია ივანიშვილისთვის ბუნებრივი და კომფორტული ადგილსამყოფელი.
ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც გავაცნობიერე, რომ ბედნიერს მხდიდა ვმდგარიყავი დაჩაგრულის მხარეს, მის დასაცავად. ვმდგარიყავი საქართველოს თავისუფლების, განვითარების და უკეთესი მომავლის მხარეს. აღმაფრთოვანებდა და შთამაგონებდა ის რთული გზა, რომელიც გაევლოთ ამ ქვეყნისთვის თავდადებულ ადამიანებს. სადაც რამე მიკეთებია, ყოველთვის ამ სულისკვეთებით იყო გამსჭვალული. უშეცდომო არავინაა და მათ შორის არც მე, მაგრამ არასდროს წავსულვარ საკუთარ სინდისთან კომპრომისზე, მაშინაც კი, როდესაც “უბრალო სიჩუმით” შეიძლება “უკეთ ვყოფილიყავი”.
ვეხმარებოდი და ვიცავდი მათ, ვისი დაცვაც შესაძლოა ყველაზე არაპოპულარული ყოფილიყო. ახლობლებისგანაც კი მიგრძვნია ამის გამო „დროებითი გვერდზე გადგომა”, მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია ჩემთვის. პირიქით. ვერაფერი შეედრება იმ განცდას, როდესაც უსამართლოდ დაჩაგრულ ადამიანს ეხმარები, როდესაც ხედავ რომ რაღაც პატარა აგურს დებ საქართველოს – თავისუფალია ადამიანების სამშობლოს – მომავლის შენებაში.
და რას ეძღვნება ეს პოსტი – იმას, რასაც რუსი (შესაბამისად ივანიშვილი) ვერასდროს გაიგებს და ვერასდროს განიცდის – საქართველოს სიყვარულს. ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანები, სწორედ ამ სულისკვეთებით ვდგავართ ერთად, ვორგანიზდებით, ვშრომობთ. ჩვენთვის ეს მხოლოდ ორგანიზაციული ფორმაა, თორემ რუსები შინაარსობრივად ვერაფერს შეცვლით ამ ყადაღით. კი, ასე უფრო გაგვირთულდება ჩვენი თანამოქალაქეების დახმარება, მაგრამ სანამ პირში სული გვიდგას, არასდროს შევწყვეტთ იმ იდეებისათვის ბრძოლას, რისთვისაც ვიბრძვით, რამაც ჩვენი სამშობლო სამშვიდობოს უნდა გაიყვანოს“, – აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.