როცა NATO საქართველო-უკრაინის მზაობაზე შეთანხმდება, ისინი გაწევრიანდებიან – იენს სტოლტენბერგი

” როდესაც 30 მოკავშირე შეთანხმდება, რომ ისინი გაწევრიანებისთვის მზად არიან, ისინი გაწევრიანდებიან ” – ეს განცხადება,  NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტუკურ ალიანსში გაწევრიანებასა და ზოგადად ორგანიზაციის გაფართოებაზე საუბრისას განაცხადა.

“მხოლოდ NATO-ს წევრების, უკრაინისა და საქართველოს გადასაწყვეტია, როდის იქნებიან გაწევრიანებისთვის მზად. არა რუსეთის. სხვა არავის. ასე რომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მოდერნიზაციას, რეფორმების გატარებას, რათა NATO-ს სტანდარტები დააკმაყოფილონ. როდესაც 30 მოკავშირე შეთანხმდება, რომ ისინი გაწევრიანებისთვის მზად არიან, ისინი გაწევრიანდებიან. არ ვიცი ეს როდის იქნება, მაგრამ ეს ერთადერთი გზაა. რა თქმა უნდა, ეს ხვალ არ მოხდება.

ჩემი მესიჯი NATO-ს წევრების მიმართ, ასევე, ის, რაც გუშინ პრეზიდენტ ბაიდენთან განვიხილე, არის ის, რომ ჩვენ ნაბიჯი უნდა დავაჩქაროთ და გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის მეტი უნდა გავაკეთოთ. რადგან, სანამ ისინი წევრები არ არიან, ჩვენ მათ მეტი მხარდაჭერით, მეტი ვარჯიშით, შესაძლებლობების განვითარებით, რეფორმების გატარებით, კორუფციასთან ბრძოლით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუციების შექმნით უნდა დავეხმაროთ. უნდა შევთანხმდეთ, რომ არაფერსა და სრულ წევრობას შორის ბევრი რამაა. ესაა, რასაც NATO-ში მონდომებით მოვითხოვ და ვიმედოვნებ მომდევნო სამიტზე ამბიციურ გადაწყვეტილებებამდე მივალთ”, – თქვა სტოლტენბერგმა.