უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბური საჰაერო იერიშის დროს პოლონეთსა და რუმინეთში NATO-ს ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავები ააფრინეს. ამის შესახებ, ვარშავასა და ბუქარესტში სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს.
ერთმა რუსულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 7 კილომეტრის სიღრმემდე შეაღწია რის შემდეგაც, ის რადარიდან გაქრა.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის სასაზღვრო საჰაერო სივრცის მონიტორინგისთვის ორი გერმანული Eurofighter და ორი რუმინული F-16 ააფრინეს.
სამინისტროს განცხადებით, რუმინეთის ტერიტორიაზე დარტყმის ფაქტი არ დაფიქსირებულა და შესაბამისი უწყებები დრონის სამძებრო სამუშაოებს ატარებენ.
პოლონეთში შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ შეტევის დროს ავიაგამანადგურებლები საჰაერო განგაშზე გადავიდნენ და საჰაერო თავდაცვამ “უმაღლესი მზადყოფნის მდგომარეობას” მიაღწია.
„სიტუაციას მუდმივად ვაკვირდებით. დაქვემდებარებული ძალები მზად არიან ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში მყისიერი რეაგირებისთვის,“ — აცხადებს პოლონეთის საოპერაციო სარდლობა.















