უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადების გამო, რომელმაც უკრაინელებსა და რუსებს “ძმები” უწოდა, უკმაყოფილებას გამოთქვამს. უწყების სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ მაკრონს უპასუხა, რომ უკრაინელ და რუს ხალხს შორის “ძმობის” მითი 24 თებერვლის შემდეგ დაიმსხვრა.
“იმედგაცრუებას იწვევს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს არ სურს უკრაინელების გენოციდის აღიარება რუსეთის ხელმძღვანელობის გულწრფელი განცხადებებისა და რუსი სამხედროების დანაშაულებრივი ქმედებების შემდეგ.
უკრაინა და რუსეთი ისტორიულად ახლოს არიან, ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ მითმა ორი მოძმე ხალხის, რუსებისა და უკრაინელების შესახებ, ნგრევა დაიწყო ყირიმის ოკუპაციისა და 2014 წელს დონბასში განხორციელებული აგრესიის შემდეგ. მაშინ რუსი “ძმები” ვითომ რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად მოვიდნენ, მაგრამ რვა წელიწადში 14 000 უკრაინელი დაიღუპა. ეს მითი საბოლოოდ თებერვალში დაიმსხვრა, როდესაც პირველი რუსული რაკეტები უკრაინის ქალაქებისკენ გამოფრინდა.
“მოძმე” ხალხი არ კლავს ბავშვებს, არ ესვრის მშვიდობიან მოსახლეობას, არ აუპატიურებს ქალებს, არ ასახიჩრებს მოხუცებს და არ ანგრევს “მოძმე” ადამიანების სახლებს. ყველაზე დაუნდობელი მტრებიც კი არ მიმართავენ სისასტიკეს დაუცველი ადამიანების წინააღმდეგ”, — თქვა ნიკოლენკომ.
ცნობისთვის, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ სიფრთხილით ეკიდება გენოციდის მსგავსი სიტყვების გამოყენებას უკრაინასთან მიმართებით, რადგან რუსები და უკრაინელები ძმები არიან. მისი განმარტებით, სურს ომის შეჩერება, ამიტომ არ არის დარწმუნებული, რომ “რიტორიკის ესკალაცია ამ მიზანს ემსახურება”.