რუსები აზოვსტალის ქარხნის დაბომბვას, 3 ტონიანი ბომბებით გეგმავენ – ამის შესახებ, ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, რუსი სამხედროს სატელეფონო საუბარზე დაყრდნობით ავრცელებს და აუდიო ჩანაწერს აქვეყნებს.
„აქ რუსეთიდან ციდან სამტონიან „სიურპრიზებს“ ველოდებით… მოვიდა ვიცე-პოლკოვნიკი და თქვა: ამ ყველაფერს თავად იგრძნობთ, თავად გაიგებთ… წარმოიდგინე ფეთქებადი ტალღა” – ეუბნება ცოლს რუსი ჯარისკაცი.
ცოლის შეკითხვაზე თუ რა ბედი ეწეოდათ მშვიდობიან მოსახლეობას, მან უპასუხა: „ყველა წავიდა ვისაც უნდოდა, ყველა წავიდა. მხოლოდ პატრიოტები და ჭკვიანები დარჩნენ“.
რუსეთი მარიუპოლში, აზოვსტალში მყოფ მებრძოლებს დანებებისკენ მოუწოდებს და ამისთვის დროს მოსკოვის დროით 14:00-დან 16:00 საათამდე აძლევს.
- “ყველა, ვინც დადებს იარაღს, გარანტირებულად ცოცხალი დარჩება”. – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინის ხელისუფლებამ ორშაბათს განაცხადა, რომ 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა მიწისქვეშა თავშესაფრებში უზარმაზარი აზოვსტალის ქარხნის ქვეშ.