მთელი უკრაინის მასშტაბით განგაშის სიგნალი ისმის. რუსები უკრაინის დედაქალაქს, კიევს ბომბავენ – გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად რაკეტები ორ საცხოვრებელ სახლს მოხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო. საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე რაკეტის ჩამოგდება შეძლო.
- “პეჩერსკის რაიონში, წინასწარი ინფორმაციით, [რაკეტები] ორ საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე რაკეტის ჩამოგდება შეძლო. ადგილზე იმყოფებიან მედიკოსები და სამაშველო ჯგუფები”, – წერს კლიჩკო.
უკრაინის რეგიონები ელექტროენერგიის გარეშეა – ქალაქის მერები ადასტურებენ თავდასხმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე
ხარკოვის, რივნის, ჟიტომირის, კიევისა და ლვოვის მერები აცხადებენ, რომ ქალაქებში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმა მოხდა რის შედეგადაც, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ G20-ის სამიტის დროს, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი იყო, მასიური თავდასხმა უკრაინაზე.მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა ძალებმა მნიშვნელოვნად ამოწურეს იარაღის მარაგი, ისინი მაინც აგრძელებენ იარაღის, კერძოდ, რაკეტების დაგროვებას.
- “ჯერ კიდევ ვითარდება მოვლენები და G20-ის სამიტი ახლოვდება. მათ ძალიან უყვართ ასეთ დღეებში რაიმე სახის პროვოკაცია”, – თქვა საჰაერო ძალების სპიკერმა.