რუსებმა ოკუპირებულ რეგიონებში ვერ აჩვენეს აღლუმი და პუტინის სიტყვა – უკრაინა

უკრაინის სპეციალური კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახური აცხადებს, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოულოდნელად გაითიშა მაუწყებლობა მოსკოვში გამართული აღლუმიდან, პუტინის სიტყვით გამოსვლის დროს.

“რუსულმა პროპაგანდამ, რომელსაც მისი ლიდერი პუტინი ხელმძღვანელობს, დღეს ვერ გადასცა თავისი ცრუ გზავნილები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინელებს.

მტრის სახელმწიფოს დედაქალაქში აგრესორი ქვეყნის მეთაურის აღლუმისა და სიტყვის დროს, რომელიც ყველა რუსული პროპაგანდისტული არხით გადაიცემოდა, რუსული თანამგზავრიდან ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში ტრანსლირება მოულოდნელად გაითიშა”,– აცხადებს უწყება.

ცნობისთვის, რუსეთის დედაქალაქის ცენტრში “დიდ სამამულო ომში გამარჯვების” 77 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღლუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა არ მიიღო ავიაციამ. მოსკოვმა ეს უამინდობით ახსნა.

აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა უკრაინასთან ომის დაწყების მიზეზებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ NATO და უკრაინა რუსეთში შეჭრისთვის ემზადებოდნენ.