რუსებს ეშინიათ, რომ ხერსონში HIMARS-ების პასიურობა, ერთიან გააქტიურებას შეიძლება მოასწავებდეს – 19 ოქტომბრის შეჯამება უკრაინაში

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე უკრაინის ფრონტებზე 19 ოქტომბრის მდგომარეობას აჯამებს:

“უკრაინული შეტევა გრძელდება ხერსონის რაიონში. საბრძოლო მოქმედებები ჩრდილოეთით მილოვესა და მის გასწვრივ მიმდინარებს, ხოლო მიკოლაივი-ხერსონის გზის მომიჯნავედ – პრავდინესთან. უკრაინელთა ამჟამინდელი ტაქტიკა მოწინააღმდეგის მძიმე ტექნიკისა და თავდაცვის განეიტრალებაა, რასაც ისინი წარმატებით ახორციელებენ. ბოლო 24 საათში რუსებმა რამდენიმე ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა და საარტილერიო დანადგარი დაკარგეს. ამასთან, უკრაინელებმა ნადავლის სახით არაერთი მცირედ დაზიანებული თუ დაზიანების არმქონე რუსული ტექნიკის ხელში ჩაგდება შეძლეს. უკრაინელები იყენებენ ყველა სახის მძიმე თუ მსუბუქ ტექნიკას, ხოლო არტილერია კვლავ მაღალინტენსიურია. რუსებმა მობილიზებული ნაწილებიც შეიყვანეს ხერსონის რაიონში, მაგრამ მათ სასარგებლოდ ცვლილება არ მომხდარა. მეტიც, მდინარე ინჰულეცის პლაცდარმში, სუხოი სტავოკზე მიტანილი იერიშის შემდეგ დიდი დანაკარგებით დაიხიეს უკან. ამ მიმართულებით თუკი საბრძოლო მოქმედებების ტემპი კვლავ ასეთი მაღალი დარჩა რუსები ძალიან სწრაფად გამოიფიტებიან. შეტევაზე ყოფნისას ყოველთვის დიდია დანაკარგი, მაგრამ ამ შემთხვევაში შეტევაზე მყოფი უკრაინული სამხედრო ძალები უფრო ცოტა სამხედროს კარგავენ ვიდრე რუსები. ზოგიერთი უკრაინული წყარო 1:6 შეფარდებას დებს დანაკარგების შედარებისას. რუსები პირდაპირ არ საუბრობენ ციფრებზე, მაგრამ თავადაც აღიარებენ რომ დანაკარგი დიდი აქვთ.
– ამ ფონზე რუსები ხერსონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებენ. კოლაბორაციონისტების შემდეგ ასაკოვანი ადამიანები გაჰყავთ და ამის შემდეგ მშვიდობიანების დიდი ჯგუფების გაყვანასაც გეგმავენ. მიზეზად უკრაინულ შეტევასა და ქალაქის პოტენციურ დაბომბვას ასახელებენ. რეალურად კი ყველა მიზეზის დასახელება შეიძლება ლოგიკური იყოს.

– რუსებს ეშინიათ რომ HIMARS-ების შედარებითი პასიურობა ხერსონში უკრაინელთა მხრიდან დიდი შეტევის წინ მათი ერთიან გააქტიურებას შეიძლება მოასწავებდეს. იმ ფონზე რომ ხერსონიდან ყველა ინფორმაცია ბუნდოვანი მოდის, მართლაც შეიძლება უკრაინელთა დიდი საარტილერიო შეტევა მზადდებოდეს.

– დღეს უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ფრთოსანი რაკეტებისა თუ ირანული დრონების 90% გაანადგურეს. ეს ყველა წინა დღესთან შედარებით საუკეთესო შედეგია. თუმცა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ის დრონები მაინც აზიანებენ, რომლებიც მიზანს ან მიზანთან ახლოს მყოფ შენობა-ნაგებობას ხვდება. ამ ეტაპზე ყველაზე მძიმე მდგომარეობაში უკრაინის ენერგოსისტემაა, რომელსაც ბოლო ორ კვირაში ყველაზე დიდი დარტყმა მიადგა.

– უშიშროების საბჭოზე ვლადიმერ პუტინმა ახალი არაფერი თქვა, გარდა იმისა, რომ მობილიზებულების მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრა. თუკი მისი ნათქვამი პრაქტიკაში აღსრულდა რუსებს მხოლოდ მობილიზებულთა ხელფასები თვეში 1 მილიარდი დოლარი მაინც დაეხარჯებათ, რაც ნაკლებად შესაძლებელი იქნება. ამასთან, კრემლში აღიარეს რომ სამხედრო მდგომარეობა ფრონტზე საკმაოდ კრიტიკული აქვთ. საომარი მდგომარეობის გამოცხადება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოდნავადაც კი არაფერს ცვლის.
– ლუგანსკის რაიონში რუბეჟნოე-კრემინას გზაზე უკრაინელებმა რუსების დიდი სამხედრო კოლონა HIMARS-ის მეშვეობით გაანადგურეს. რუსების რიგებში დანაკარგები დიდია. როგორც ჩანს უკრაინული არტილერია ამ მიმართულებით ახლა ძალიან აქტიურია, ხოლო სადაზვერვო ინფორმაცია ეფექტური.

– რამდენჯერმე დაიბომბა რუსეთი, ბელგოროდის რაიონი. ქალაქ ბელგოროდში იერიშების შედეგად დენი კვლავ გაითიშა. დასახლება შებეკინოში რამდენიმე პუნქტი, რომელშიც როგორც ჩანს რუსებს სამხედრო ნაწილები აქვთ მოწყობილი, თითქმის ყოველდღიურად იბომბება.” – აცხადებს კობერიძე.