“რუსებს რომ ჰგონიათ, კარგად გვიცნობენ, იქ ცდებიან… მშიშარას გარდა ყველაფერია ქართველი “- ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ტელეჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“შარშან გაბუნიას მონოლოგი სამი რამის გამო არ მომეწონა, – მიუხედავად იმისა, რომ არცერთი ჩვენი მთავრობა რბილად რომ ვთქვათ გულზე არ მეხატება, უცხო ქვეყნის ტელევიზიამ რომ ეგეთი სიტყვებით მოიხსენიოს, იმ ქვეყანაზე და ტელევიზიაზე ვიტყვი, რომ ბანძები არიან და არ მომწონს როცა ჩვენზე შეიძლება იგივე აზრი გაუჩნდეს ვინმეს, როცა ეს ოფიციალურად ხდება და არა კერძო ლაპარაკში ან გულში რას ვფიქრობთ მტერზე. მტერზე უარესიც უნდა იფიქრო, ვინც არ ფიქრობს, იმას უფრო აკლია, მაგრამ მტრობასაც აქვს თავისი “კარგი მანერები”, რასაც მე ვაფასებ, სხვისთვის შეიძლება სულერთი იყოს. მეორე ის, რომ საშინელი რამ მოხდა, გავრილოვის გამო ბავშვები დაასახიჩრეს და გაბუნიას სიტყვების შემდეგ, მთელი ყურადღება მისკენ წავიდა, როგორც ჩვენ ხალხს ჩვევია, მთავარ არსზე, თუნდაც თავიანთ რეალურ გასაჭირზე ფოკუსის გასწორების ნაცვლად, ვიღაცის ერთ სიტყვაზე, ან ხუმრობაზე, ან ვიღაცის ოჯახის სასამართლო გარჩევაზე სრული ემოციური განმუხტვა და ნამდვილი, წინ მდგარი პრობლემების “გაქრობა”. მესამე, – იმ მომენტში ჩვენი მთავრობისკენ უნდა წასულიყო მთავარი გაფრთხილება და ბრაზი, რადგან მათ დაპატიჟეს გავრილოვი, მათ გაგვიბედეს და არა პუტინისკენ და ეს ფოკუსიც გადაიხარა. დღეს რათქმაუნდა, საერთოდ არ მაინტერესებს, “ჩემი გემოვნებისთვის” მოსაწონი იყო თუ არ იყო რომელიმე სიტყვა. რამდენად პატარა უნდა იყოს ადამიანი, რომ წელიწადი არ დაავიწყდეს “ვიღაც ბიჭის” გინება და მკვლელობა შეუკვეთოს, ან გვაჩვენოს, რა ყოჩაღია, რომ “გინებას არ შეიწერს და ჭკუით იყავით ქართველებოო” გვითვლის. რუსებს რომ ჰგონიათ, კარგად გვიცნობენ, სადღაც იქ ცდებიან, სადაც სრულიად ირაციონალურები და გაუთვლელები ვართ. მშიშარას გარდა ყველაფერია ქართველი.”- წერს ნათია ფანჯიკიძე.