რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინას არ სჭირდება ის, რაც სხვას ეკუთვნის – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჰეორჰი ტიხიმ პრესკონფერენციაზე კურსკში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
“უკრაინა, რუსეთისგან განსხვავებით, არ ისწრაფვის უცხო ტერიტორიების დაპყრობისკენ. უკრაინის მხარე არ არის დაინტერესებული კურსკის რეგიონის ტერიტორიების მითვისებით. ჩვენი მიზანი ჩვენი ხალხის სიცოცხლის შენარჩუნებაა.[…] სამწუხაროდ, უკრაინას არ შეუძლია შორი დისტანციის იარაღის გამოყენება, რათა თავი დაიცვას, ამიტომ ჩნდება საჭიროება, გავათავისუფლოთ სასაზღვრო ტერიტორიები რუსეთის ჯარებისა და შეიარაღებული ძალებისგან, რომლებიც უკრაინას [ამ ტერიტორიებიდან] ესხმიან თავს.[…] უკრაინის შეიარაღებული ძალები ცივილიზებული ევროპული სამხედრო ძალაა, რომელიც სრულად ექვემდებარება ომის კანონებსა და წეს-ჩვეულებებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. […] ომი უკრაინაში რუსეთმა დაიწყო და ახლა საკმაოდ მართებულია, რომ ომი რუსეთის ტერიტორიაზე ბრუნდება. რაც უფრო მალე დათანხმდება რუსეთი სამართლიანი მშვიდობის აღდგენას, მით უფრო მალე დამთავრდება უკრაინის სამხედრო მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე. სანამ პუტინი აგრძელებს ომს, ის მიიღებს უკრაინისგან შესაბამის პასუხს” – თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.