რუსეთისთვის დეზინფორმაცია არის ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი – ირაკლი კობახიძე

“რუსეთისთვის დეზინფორმაცია არის ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი”- „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინის განცხადებას, რომ მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებებს საქართველოსა და აშშ-ში ამზადებენ, არასერიოზულს უწოდებს.

როგორც ის აღნიშნავს, რუსეთს არ ახარებს საქართველოს წარმატება და მსგავსი განცხადებებიც ამის შედეგია.

„სამწუხაროდ, რუსეთისთვის დეზინფორმაცია არის ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი. ბუნებრივია ამ დეზინფორმაციას ჩვენ დავუპირისპირებთ სიმართლეს“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი აცხადებს, რომ რუსეთი არ არის დაკავებული „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით და მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ის ტერიტორიებზე არსებობს. ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა.