WSJ: რუსეთის არმია, როგორც ჩანს, დაიღალა ბახმუტთან მარცხით და სოლედარზე გადაერთო
უკრაინის სარდლობა და ბრიტანული დაზვერვა აცხადებენ, რომ რუსული ჯარები იძულებულნი გახდნენ შეასუსტებინათ შეტევა ბახმუტზე და ტექნიკისა და ცეცხლსასროლი ძალის ნაწილი სოლედარში გადაისროლეს, რომელიც ბახმუტიდან 15 კილომეტრში მდებარეობს, წერს Wall Street Journal.
სოლედარის გარშემო ბრძოლები დიდი ხანია მიმდინარეობს, წერს გაზეთი, მაგრამ ფრონტის ამ სექტორში რუსული ჯარების გადაჯგუფების ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯიუტი წინააღმდეგობა ბახმუტთან აიძულა რუსული ძალები გზადაგზა ტაქტიკა შეცვალონ.
თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა უარი თქვა ბახმუტის აღების გეგმებზე, აღნიშნავს WSJ, მაგრამ ამ დროისთვის სარდლობა აშკარად ცდილობს ახლებურად შეხედოს ფრონტზე მიმდინარე მოვლენებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა ბახმუტთან რუსების შეტევის შენელებას თავისებურად განმარტავს. რამდენიმე უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსანი თვლის, რომ შედეგის მიუღწევლობის გამო სასოწარკვეთილმა (ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე) რუსეთის არმიამ გადაწყვიტაუკრაინის თავდაცვა სოლედარის მახლობლად მოესინჯა, რათა იქ მაინც შეძლოს გამარჯვების გამოცხადება.
ბახმუტისთვის ბრძოლები უკვე ნახევარი წელია გრძელდება, იხსენებს ამერიკული გამოცემა. ფრონტის ხაზის ეს მონაკვეთი ამ დროისთვის ყველაზე აქტიურია და ორივე მხარისგან ყველა არსებული ძალის მობილიზებას მოითხოვს.
ამავდროულად, ის სიჯიუტე, რომლითაც რუსეთი ცდილობს ამ სეგმენტში გარღვევას, აკვირვებს დასავლელ სამხედრო ექსპერტებს, რადგან ბახმუტზე კონტროლს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა არ გააჩნია.
თუმცა, WSJ წერს, რომ ვაგნერის დაქირავებულ მებრძოლთა ხელმძღვანელობამაც და რუსული არმიის მეთაურმა, გენერალმა სუროვიკინმაც, რატომღაც საკუთარი თავი დააჯერეს ამ გარღვევის მნიშვნელობაში და ბახმუტის აღება რუსეთისთვის რეალურად მხოლოდ ფსიქოლოგიურად იქნებოდა მნიშვნელოვანი.