რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ხარკოვის ოლქში მისი არმიის კრახი სინამდვილეში ძალების გადაჯგუფებაა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხარკოვის რაიონში იზიუმისა და ბალაკლეას დაკარგვას  მისი ძალების გადაჯგუფების აუცილებლობით ხსნის.

სამინისტრომ უკრაინელების რამდენიმედღიანი წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ პირველად გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ იზიუმისა და ბალაკლეის რაიონებში ძალების გადაჯგუფება მოახდინა, რათა დონეცკის მიმართულებაზე ძალისხმევა გაზარდოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებისთვის. ჟურნალისტებს ამის შესახებ სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განუცხადა.

ის ამბობს, რომ რუსული ჯარების იზიუმ–ბალაკლეის დაჯგუფების გაყვანისა და“დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე  მათი გადაყვანის ოპერაცია სამი დღეღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჩატარდა რამდენიმე “ცრუ“ და დემონსტრაციული ღონისძიება, რათა თავიდან აეცილებინათ რუსული არმიის დანაკარგები და მოწინააღმდეგისთვის მიეყენებინათ საცეცხლე დარტყმები ავიაციის, სარაკეტო ძალების და არტილერიის გამოყენებით.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის არმიის კონტრშეტევის შედეგად ხარკოვის ოლქში ბოლო დღეების განმავლობაში ათეულობით დასახლება გათავისუფლდა, დღეს დილით კი რუსები ქალაქ იზიუმიდან გაიქცნენ.