ბელგოროდის რაიონში ჩამოვარდა რუსეთის კოსმოსური ძალების სუ-25 მოიერიშე თვითმფრინავი, პილოტი გარდაიცვალა, კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო, ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
განცხადების თანახმად, სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა „საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ ბელგოროდის რეგიონში მდებარე საბაზო აეროდრომზე დაბრუნებისას“.
კონკრეტულად რა იყო საბრძოლო მისია, არ კონკრეტდება. ბელგოროდის რეგიონი უკრაინას ესაზღვრება, რომელთანაც რუსეთმა ომი ერთი წლის წინ დაიწყო.
„თვითმფრინავი უკაცრიელ ადგილას ჩამოვარდა, ადგილზე არაფერი დაზიანებულა“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. „წინასწარი მონაცემებით,კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა“ (ციტატა ინტერფაქსიდან).