რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო მარიუპოლში უკრაინელ მებრძოლებს დანებებისკენ მოუწოდებს და დროს აძლევს. ოკუპანტების განცხადებით, მებრძოლებმა დღეს, მოსკოვის დროით დილის 06:00 საათიდან 13:00 საათამდე იარაღი უნდა დაყარონ და ჩაბარდნენ.
“აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში შექმნილი კატასტროფული სიტუაციის გათვალისწინებით, ისევე როგორც წმინდა ჰუმანური პრინციპებით ხელმძღვანელობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ნაციონალისტური ბატალიონებისა და უცხოელი დაქირავებულების ბოევიკებს სთავაზობენ 2022 წლის 17 აპრილის 06:00 საათიდან (მოსკოვის დროით), შეწყვიტონ ნებისმიერი საომარი მოქმედებები და დადონ იარაღი. ყველას, ვინც იარაღს დაყრის, გარანტირებული ექნება სიცოცხლის შენარჩუნება”,– განაცხადა რუსმა ოფიციალურმა პირმა.
რუსული მხარე მოუწოდებს მებრძოლებს, აზოვსტალი იარაღისა და საბრძოლო მასალის გარეშე დატოვონ.
ცნობისთვის, მარიუპოლი პირველი მარტიდან ბლოკადაშია მოქცეული, რუსები მას გამუდმებით ბომბავენ და ცდილობენ ქალაქზე სრული კონტროლის დამყარებას. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის ცნობით, მარიუპოლში რუსული ჯარების დაჯგუფება მკვეთრად შესუსტდა.
მისივე თქმით, დამპყრობლებმა მარიუპოლში გამოიყენეს არსებული ყველა საშუალება, მათ შორის მძიმე ზებგერითი თვითმფრინავი ტუ-22 აზოვსტალის ქარხანაზე ბომბების ჩამოსაყრელად.
“მეთაურებმა უკვე გამოიყენეს ყველა საშუალება ბრძოლაში. მაგრამ აზოვსტალში არის ისეთი თავშესაფრები და მიწისქვეშა შესაძლებლობები, რომლებსაც ტუ-22-ებიც კი ვერ უმკლავდებიან”, – აღნიშნა რესტოვიჩმა.