რუსეთის მიერ კიევის აღების მეორე მცდელობისთვის ვემზადებით – ჟირნოვი

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ნიკოლაი ჟირნოვის თქმით, დედაქალაქი ემზადება ყველა შესაძლო რუსული სცენარისთვის, მათ შორის, კიევის აღების მეორე მცდელობისთვის.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მტერმა ზარალი განიცადა, რუსეთის ფედერაციას აქვს დიდი რესურსები – როგორც ადამიანური, ასევე ტექნიკური.

“ჩვენ გვესმის, რომ მტერს დრო სჭირდება მოსამზადებლად. მაგრამ ასევე გვესმის, რომ მათი მიზანი, აიღონ დედაქალაქი და მთელი უკრაინა, არ შეცვლილა.

ამჟამად, მტერი ავსებს დანაკარგებს, აგროვებს რესურსებს და არემონტებს აღჭურვილობას, ამზადებს მას გამოსაყენებლად. ამის გაცნობიერებით, ჩვენ ვემზადებით ყველა შესაძლო სცენარისთვის და თუნდაც ყველაზე უარესისთვის – კიევის აღების მეორე მცდელობისთვის“,– თქვა მან  Вечернему Киеву-თან ინტერვიუში.

ჟირნოვი სთხოვს ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს, რომლებსაც კიევს გარეთ საცხოვრებელი აქვთ, ქალაქში არ დაბრუნდნენ.

“რადგან არის როგორც საჰაერო, ასევე სარაკეტო დარტყმებისა და მტრის დივერსიული ჯგუფების მოქმედების საშიშროება. და საერთოდ, მტერმა არ მიატოვა დედაქალაქის აღების მიზანი”,– აღნიშნა კიევის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა.