საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 5 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ დახურულ სხდომაზე, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილეს.
სხდომის ფარგლებში, უშიშროების საბჭოს წინაშე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, მიროსლავ იენჩა ანგარიშით წარსდგა, რომელმაც საბჭოს წევრებს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.
“ერთობლივ განცხადებაში, მხარეება აღნიშნეს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან 12 წლის შემდეგ, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო აღჭურვილობისა და სამხედრო პერსონალის განთავსებას. ამასთან, რუსეთის მიერ ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. აღნიშნული ქმედებები, ერთმანეთისგან უფრო აშორებს კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებს, აფერხებს შერიგების პროცესს და რისკის ქვეშ აყენებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის პირობებში”,– წერს საგარეო უწყება.
მათივე ინფორმაციით, განცხადებაში მხარეები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ ე.წ. “ბორდერიზაციის” პროცესის ინტენსიფიკაციის გამო, რომელსაც ადგილი აქვს ბოლო წლებში, მათ შორის, გლობალური COVID-19-ის პანდემიის დროს. განცხადებაში, ასევე, შეშფოთებაა გამოთქმული იმ დეზინფორმაციის კამპანიაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია საქართველოში პანდემიასა და მისგან გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით ეწევა. გარდა ამისა, მხარეები შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ყალბ პროპაგანდაზე, რომელიც ლუგარის კვლევითი ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის წინააღმდეგ არის მიმართული.
ოფიციალური ინფორმაციით, სხდომის დასრულების შემდგომ, უშიშროების საბჭოს ახლანდელი და მომავალი წევრების — ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, ირლანდიისა და ნორვეგიის წარმომადგენლებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს.
“ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, ირლანდიის და ნორვეგიის წარმომადგენლები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება”, — ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.