რუსეთის მშენებლობის მინისტრს და მის მოადგილეს კორონავირუსი აღმოაჩნდათ

რუსეთის მშენებლობისა და კომუნალურ–საცხოვრებელი მეურნეობების მინისტრს, ვლადიმირ იაკუშევს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. მინისტრი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პრესსამსახური ამ ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს, რომ მინისტრი ხაზზე რჩება.

მინისტრის გარდა ახალი კორონავირუსი მის მოადგილეს, დიმიტრი ვოლკოვსაც აღმოაჩნდა.

კორონავირუსზე ტესტი სამინისტროს მთელ ხელმძღვანელობას ჩაუტარდა. დადებითი შედეგი მხოლოდ მინისტრის და მისი ერთი მოადგილის ტესტმა აჩვენა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ 23 მარტიდან ყველა თანამშრომელი, უმაღლესი თანამდებობის პირების გარდა დისტანციურად მუშაობს. შენობაში შესვლის უფლება მხოლოდ იმ თანამშრომლებს აქვთ, რომელთა საქმიანობის განხორციელება დისტანციურად შეუძლებელია.