რუსეთის მხრიდან ნებისმიერ ესკალაციას სერიოზული შედეგები მოჰყვება – ბლინკენი ზელენსკის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. როგორც ის ტვიტერზე წერს, სასაუბრო თემა იყო რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ.

“მე მას გავუმეორე, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია. რუსეთის მხრიდან ნებისმიერ ესკალაციას სერიოზული შედეგები მოყვება“,- წერს ბლინკენი.

ცნობისთვის, ბაიდენი და პუტინი უკრაინასთან დაკავშირებით დღეს ვიდეოზარით ისაუბრებენ.

:პრეზიდენტი ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტთან ზარისას ხაზს გაუსვამს აშშ-ის შეშფოთებას რუსეთის სამხედრო მოქმედებების შესახებ უკრაინის საზღვართან და კვლავ დაადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,” – ამბობს თეთრი სახლის პრესსპიკერი.

ცნობისთვის, აშშ-მ უკრაინა გააფრთხილა, რომ შესაძლოა რუსეთი ქვეყანაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, რადგან უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე რუსი სამხედროა მობილიზებული.

გარდა ამისა, 26 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მონაწილეობით უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება.

აშშ-მ უკრაინას უკვე მიაწოდა გარკვეული სამხედრო დახმარება, რუსეთი კი გააფრთხილა, რომ უკრაინაზე თავდასხმა მათთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება.