რუსეთის მხრიდან საქართველო არაერთხელ ყოფილა ტროლების სამიზნე – ადამ კინზინგერი

“რუსული ტროლებისა და ბოტების შესახებ ქმედებები ძალიან შემაშფოტებელია”, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა “მთავარ არხთან”  ინტერვიუში ისაუბრა.

“დღის სტუმარში” საუბრისას კონგრესმენმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ბოლო დროს, რეიტინგი საგრძნობლად დაუვარდა, იმის მიუხედავად, რომ ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტობის ვადა გაიხანგრძლივა. შესაბამისად, კრემლის ლიდერისგან პროვოკაციებს უნდა ველოდოთ, ამბობს კონგრესმენი.

“პროვოკაცია სავსებით შესაძლებელია. თუმცა, ეს იქნება საქართველო, უკრაინა თუ ბალტიისპირეთი, არ ვიცით. რაც შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა ევროპაში, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. მე სრულიად ვუჭერ მხარს საქართველოს ევროინტეგარციას. ეს რუსული თამაშის წესია: შექმნას დაძაბულობა, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა საქართველოს საკითხი დროებით შეჩერდეს და უკან გადაიწიოს. ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ უნდა გახდეს საქართველო ნატოს წევრი, რადგან ის არის თავისუფლებისთვის მებრძოლი. საქართველო იბრძვის ჩვენთან ერთად ავღანეთში, რადგან ქართველ ხალს სურს ჰქონდეს დასავლური ორიენტაცია, ამიტომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭროთ მათ”,  – განმარტა კონგრესმენმა.

“რადგანაც მე საქართველოს კავკასიის ჯგუფის თავჯდომარე ვარ, საქართველოს შიდა საქმეებში არ ჩავერევი, რადგან ახლა საარჩევნო კამპანიაა და ველოდებით თავისუფალ არჩევნებს ოქტომბერში.

ზოგადად რუსული ბოტებისა და ტროლების ქმედებები ძალიან შემაშფოთებელია. ერთია,რომ გამოვყო სოციალური მედია პოლიტიკური მოძრაობისთვის, მაგრამ მეორეა დეზინფორმაცია, რომელსაც რუსეთი თავის თამაშების სცენარში იყენებს. მე ვერ გავაკეთებ მთავრობის ქმედებებზე კომენტარს, ქართველი ხალხის საქმეა შეაფასოს მთავრობა. რაც შემეხება მე, როგორც ტროლების სამიზნეს, ისევე, როგორც საქართველოსთან დაკავშირებით, ზოგადად ამ ტიპის შეტევები არაერთხელ მინახავს რუსეთის მხრიდან”,- განაცხადა კიზინგერმა.