“რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და უნდა დასრულდეს ყირიმის გათავისუფლებით” -ზელენსკი

ყირიმი არის უკრაინული და ჩვენ არასოდეს დავთმობთ მას. რუსეთმა ჩვენი ნახევარკუნძული, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად აქცია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ყირიმში რუსი ოკუპანტების ყოფნა საფრთხეა მთელი ევროპისთვის და გლობალური სტაბილურობისთვის.

„არ დაგვავიწყდება, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ დაიწყო. რუსეთმა ყირიმს მასშტაბური რეპრესიები, ეკოლოგიური პრობლემები, ეკონომიკური უიმედობა და ომი მოუტანა. ისტორიკოსები, ალბათ, ერთ დღესაც დაადგენენ, რამდენი ადამიანი დაიღუპა რუსეთის მიერ ყირიმის ტერორისთვის გამოყენების შედეგად. ათიათასობით? ასიათასობით? უკრაინიდან და საქართველოდან სირიამდე და უფრო შორეულ რეგიონებამდე. ყირიმში რუსი ოკუპანტების ყოფნა საფრთხეა მთელი ევროპისთვის და გლობალური სტაბილურობისთვის. შავი ზღვის რეგიონი ვერ იქნება უსაფრთხო, სანამ ყირიმი ოკუპირებულია. რუსეთის ეს ომი უკრაინისა და მთელი თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ ყირიმით დაიწყო და ყირიმით, მისი გათავისუფლებით უნდა დასრულდეს. დღეს შეუძლებელია იმის თქმა, როდის მოხდება ეს. მაგრამ ჩვენ ვამატებთ აუცილებელ კომპონენტებს ყირიმის გათავისუფლების ფორმულას”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.