რუსეთის პატრიარქის გაგლოევისთვის გამარჯვების მილოცვა ვითარებას ართულებს – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო განცხადებით, რუსეთის პატრიარქის მილოცვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტისადმი ე.წ. არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით “ბადებს გაუგებრობას”.

“რადგან რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

საქართველოს ეკლესია, საქართველოს სახელმწიფო და საერთაშორისო საზოგადოებაც ცნობს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ ადმინისტრაციებს მიიჩნევს საოკუპაციო რეჟიმად.

სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობების გამყარების ყოველი მცდელობა უმნიშვნელოვანესია, იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც უარყოფითად მოქმედებს არსებულ მდგომარეობაზე და ართულებს ვითარებას”,– წერს საპატრიარქო.

ცნობისთვის, 8 მაისს ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ალან გაგლოევმა გაიმარჯვა. მას გამარჯვება პატრიარქმა კირილემ მიულოცა.