რუსეთის საგარეო დაზვერვაზე პასუხისმგებელი “ფეესბეს” გენერალი იზოლატორში გადაიყვანეს

რუსეთის საგარეო დაზვერვაზე პასუხისმგებელი “ფეესბეს” გენერალი იზოლატორში გადაიყვანეს. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის ფეესბეს საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი, სერგეი ბესედა “ლეფორტოვოს“ იზოლატორში გადაიყვანეს, ჟურნალისტი ანდრეი სალდატოვი ავრცელებს.

ფეესბეს 5–ე სამმართველოს ხელმძღვანელი არაოფიციალური ინფორმაციით შინაპატიმრობაში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე გაუშვეს. ახლა კი როგორც ჩანს, საქმე წინ წავიდა.
ანდრეი სალდატოვი, რომელიც რუსული სპეცსამსახურების შესახებ ხშირად წერს, ამბობს, რომ მისი საქმით ახლა საგამოძიებო კომიტეტის მთავარი სამხედრო–საგამოძიებო სამმართველოა დაკავებული.

ფეესბე–ს 5–ე სამმართველოში, რომელიც საერთაშორისო კავშირების ოპერატიულ სამმართველოდ ითვლება, შედის ოპერატიული ინფორმაციის დეპარტამენტი, რომელიც როგორც ჟურნალისტები ანდრეი სალდატოვი და ირინა ბოროგანი წერდნენ, საგარეო დაზვერვის ფუნქციას ასრულებს და მათ შორის დაკავებულია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსული გავლენის გაძლიერებით.

ჟურნალისტების მონაცემებით, სწორედ ის იყო პასუხისმგებელი პუტინისთვის უკრაინაში შეჭრამდე ამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე.

ბესედას შინაპატიმრობაზე სალდატოვმა ინფორმაცია 11 მარტს გაავრცელა. მიზეზებს შორის მისმა წყაროებმა დაასახელეს თანხების გაფლანგვა, რომელიც უკრაინაში აგენტურული საქმიანობისთვის იყო გამოყოფილი.( სხვადასხვა წყაროებით საუბარია 5 მილიარდ დოლარზე). გარდა ამისა, უკრაინაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდება.
უკრაინაში ბლიც–კრიგის ჩავარდნის შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ განრისხებულმა პუტინმა ფეესბე–ში რეპრესიები დაიწყო.