რუსეთის საგარეო უწყება ლუგარის ლაბორატორიის ყველა კორპუსსა და დოკუმენტზე წვდომას ითხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად რუს ექსპერტებს შენობის ყველა კორპუსზე და ყველა დოკუმენტზე წვდომა უნდა ჰქონდეთ.

“ბიო-ობიექტის მონახულების მიზანშეწონილობას ვხედავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება გარანტია, რომ წვდომა გვექნება ყველა ლაბორატორიულ კორპუსზე, მათ შორის, იმ შენობებზე, სადაც ამერიკელი სპეციალისტები არიან. ასევე, ყველა დოკუმენტზე. სწორედ ასეთი ფორმატი მოგვცემდა საშუალებას უზრუნველვყოთ რეალური შემოწმება“ -წერია განცხადებაში.

ოკუპანტი ქვეყნის განცხადებით, ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ საფუძველზე სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე.

გარდა ამისა, რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ელოდება ოფიციალურ პასუხს შესაძლო ვიზიტის ნოტაზე, რომელიც საქართველოში 2019 წლის ივნისში გამოიგზავნა.

ცნობისთვის, გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ რუსეთთან საქართველოს ვალდებულებები არ აქვს, მაგრამ ქვეყანა მზად არის ისინი ლუგარის ლაბორატორიაში დაპატიჟონ.

ანალოგიური განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და თქვა, რომ ქვეყანას დასამალი არაფერი აქვს და რუსეთის წარმომადგენლებს შეუძლიათ, ლუგარში მიბრძანდნენ.

26 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება, რომელშიც პრეტენზიებს და შეშფოთებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ მის ექსპერტებს ლუგარის ლაბორატორიაში შესვლის და შემოწმების უფლება არ ეძლევათ.

განცხადებაში წერია, რომ „ლუგარის სახელობის ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის“ ბაზაზე უცხო სახელმწიფოების მიერ წარმოებული სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობა კითხვებს ბადებს. მათ ხელში არსებული ინფორმაციით, ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებს ამერიკული სამხედრო უწყებები და მათთან აფილირებული სტრუქტურები აფინანსებენ.

ენმ-ის ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, თუ ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მთავრობა ექსპერტების საფარველით ფსბ-ს შეუშვებს, ეს მათ პროპაგანდაში ჩაყოლა იქნება.