7 ადამიანი, მათ შორის 6 წლის ბავშვი დაიღუპა და 90 დაშავდა რუსული სარაკეტო შეტევის შედეგად უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში. მშიდობიანი მოსახლეობა რელიგიური დღესასწაულის აღსანიშნად ეკლესიაში მიდიოდა, როცა დაბომბვა დაიწყო.
რაკეტა პირდაპირ ქალაქის ცენტრში ჩამოვარდა, სადაც პოლიტექნიკური უნივერსიტეტი და თეატრი მდებარეობს. დაზიანდა თეატრის შენობა, სადაც დრონების მწარმოებელთა გამოფენა მიმდინარეობდა.
ჩერნიგოვის საქალაქი ადმინისტრაციის მეთაურის, ვიაჩესლავ ჩაუსის ინფორმაციით სავარაუდოდ ქალაქში ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა. მან მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ იყო ჩერნიგოვის ოლქზე დრონებით შეტევის საფრთხე.
ჩერნიგოვი კიევის ჩრდილოეთით, ბელორუსის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს.
შვედეთში ვიზიტით მყოფმა ზელენსკიმ ტელეგრამში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ჩერნიგოვის ცენტრალური მოედნის დაბომბვის შედეგების ამსახველი კადრები ჩანს. ვიდეოს თან ახლავს ტექსტი:
“რუსული რაკეტა პირდაპირ ქალაქის ცენტრს მოხვდა. ჩვენი ჩერნიგოვი. მოედანი. პოლიტექნიკური. თეატრი. ჩვეულებრივი შაბათი დღე, რომელიც რუსეთმა ტკივილის და დანაკარგის დღედ აქცია. არიან დაღუპულები. არიან დაჭრილები. ჩემი თანაგრძნობა მათ, ვინც ახლობლები დაკარგა. ყველა სამსახური ადგილზეა: მაშველები, პოლიცია, ექიმები, ყველა, ვინც საჭიროა. “
ჩერნიგოვი რუსული არმიის ერთ–ერთ მარშრუტზე მდებარეობდა, როცა 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში რამდენიმე მიმართულებიდან შეიჭრა, მათ შორის ბელორუსიდან. მისი თავდაცვა ერთ–ერთი ფაქტორი იყო, რამაც რუსებს არ მისცა საშუალება უკრაინის დედაქალაქამდე მიეღწიათ.
ჩერნიგოვი, საიდანაც კიევამდე 140 კილომეტრია, ოკუპირებული არ ყოფილა, თუმცა დაზარალდა რუსების უწყვეტი დაბომბვებისგან, რაც რამდენიმე კვირას გრძელდებოდა.