ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ ბელგოროდის ნავთობბაზაზე შეტევა ორმა უკრაინულმა ვერტმფრენმმა მიიტანა, რომლებიც თითქოსდა რუსეთის ტერიტორიაზე დაბალ სიმაღლეზე შეფრინდნენ. ჯერჯერობით უკრაინული მხარე ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.
ბელგოროდი უკრაინა–რუსეთის საზღვრიდან 30 კილომეტრში, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ის ხარკოვიდან 60 კილომეტრით არის დაშორებული, რომელსაც რუსები ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ბომბავენ.
დიდი ხანძარი ბელგოროდის ნავთობბაზაზე წუხელ გაჩნდა და სავარაუდოდ მიზეზი დაბომბვა გახდა. პირველივე საათებში ბელგოროდიდან ინფორმაცია გავრცელდა მხოლოდ ხანძრის შესახებ და აფეთქებების ხსენება არ ყოფილა. მოგვიანებით გაჩნდა ვიდეო ბელგოროდიდან, სადაც ჩანს, რომ ხანძრის დაწყებამდე იმ ადგილს რამდენიმე რაკეტა ხვდება.
ნავთობბაზაზე ხანძრის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.
სხვადასხვა ვიდეო ბელგოროდის ხანძრის შესახებ რუსული მედიით და სოციალური ქსელებით ვრცელდება.