რუსეთის ქალაქებში “შემთხვევითი” ხანძრების პარალელურად “L” სიმბოლოები ჩნდება – ანალიტიკოსი

“რონდელის ფონდის” მკვლევარი და ანალიტიკოსი  ზურაბ ბატიაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის არაერთ ქალაქში სადაც “შემთხვევითი” ხანძრებია, პარალელურად ლათინური ასო “L” გაჩნდა.

“საინტერესოა, რომ რუსეთის ქალაქებში “შემთხვევითი” ხანძრების პარალელურად ჩნდება სიმბოლოები L.

L არის უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ლეგიონის “რუსეთის თავისუფლების” სიმბოლო. ეს ლეგიონი კი დაკომპლექტებულია რუსეთის მოქალაქეებისგან, რომელთა მიზანი პუტინის ჩამოგდებაა.

თუ პუტინმა 9 მაისს საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა, მერე ნახეთ “შემთხვევითი” ხანძრებისა L-ების მომატება რუსეთის ქალაქებში, რაც ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება!” – წერს ზურაბ ბატიაშვილი.

“რუსეთის თავისუფლების” სიმბოლო ლათინური ასო “L” გამოყენებულია, როგორც პირველი ასო სიტყვებში “Legion”(ლეგიონი) და “Liberty”(თავისუფლება).

ცნობისთვის, 5 აპრილს, კიევში, სააგენტო “ინტერფაქს უკრაინას” ოფისში სამმა სამხედრო ფორმაში გამწოყობილმა მამაკაცმა, პრესკონფერენცია გამართა, სადაც მათ აღნიშნეს, რომ სამივე მათგანი ერთიანდება უკრაინის მხარეს მებრძოლ ლეგიონში “რუსეთის თავისუფლება”. აღნიშნულ ლეგიონში არიან როგორც რუსი სამხედროები ასევე უკრაინელების მიერ დატყვევებული და შემდეგ გათავისუფლებული რუსი სამხედროები, რომლებმაც საკუთარი თვალებით ნახეს რუსული არმიის მიერ მიწასთან გასწორებული ქალაქები: ბუჩა, ირპენი და ჰოსტომელი. ისინი რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს “გენოციდად” მოიხსენიებენ.

“გავაცნობიერე, რომ ეს ნამდვილი გენოციდია და გადავწყვიტე, შევერთებოდი ლეგიონს “რუსეთის თავისუფლება”, რათა მებრძოლა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ბედნიერი მომავლისთვის”. – განაცხადეს “ინტერფაქს უკრაინას” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.