რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, რომელიც უკრაინის საზღვარზე მდებარეობს ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაცია ვრცელდება როგორც უკრაინულ, ასევე რუსულ ტელეგრამ არხებზე და ადასტურებს ქალაქის მერიც. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადა მუშაობს, ხანძრის ფართობი დაახლოებით 300 კვადრატული მეტრია.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ბელგოროდში ნავთობის საცავი აფეთქდა. რუსული მხარე ხანძარს 2 უკრაინული ვერტმფრენის იერიშს აბრალებდა. თუმცა უკრაინულმა მხარემ აღნიშნული ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.
“უკრაინა რუსეთის შეიარაღებული აგრესიის მოსაგერიებლად ატარებს თავდაცვით ოპერაციებს და ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარ ყველა არასწორ გათვლაზე, ყველა კატასტროფასა და მოვლენაზე პასუხისმგებლები ვართ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვხედავთ მსგავს ბრალდებებს, ამიტომ ამ ინფორმაციას არც დავადასტურებ და არც უარვყოფ”. – განაცხადა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ალექსანდრე მოტუზიანიკმა.