რუსეთის შეიარაღებული ძალები ომის ახალ მეთოდებს დანერგავს – შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები დანერგავს ომის ახალ მეთოდებს, რათა უკეთ მოერგოს თანამედროვე პირობებს. ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს.

შოიგუს თქმით, თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის გეგმის თანმიმდევრული განხორციელება მიზნად ისახავს არმიისა და საზღვაო ძალების შემდგომ განვითარებას და მათი უახლესი სამხედრო ტექნიკით უზრუნველყოფას.

“გარდა ამისა, ომის ახალი მეთოდების დანერგვა შესაძლებელს გახდის ჯარების უკეთ ადაპტირებას შეიარაღებული დაპირისპირების თანამედროვე პირობებში“, – განაცხადა ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა.

მანვე განმარტა, რომ ჯარებში საკომუნიკაციო სისტემის განვითარება მიმდინარეობს “მოწინავე სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის ელემენტებით”.