რუსეთის წინააღმდეგ „ძალიან მალე“ ახალი ქმედებები იქნება–აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი

აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა მიანიშნა, რომ “ძალიან მალე“ აშშ რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ნაბიჯებს გადადგამს. ამის შესახებ მან იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის თხოვნას ეხებოდა G7–ის სანქციების გაძლიერების შესახებ ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის გამო.

“რაც შეეხება ჩვენს სანქციებს, ყოველთვის ვამბობდით, რომ გავაგრძელებთ ზეწოლას პრეზიდენტ პუტინზე, კრემლზე, ყველაზე, ვინც მის გარემოცვაშია, ოლიგარქების და ხელის შემწყობთა ჩათვლით, ვინც აძლიერებენ ამ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მანამ, სანამ კრემლი დეესკალაციაზე არ წავა, სანამ ძალადობა არ შემცირდება, მანამდე, სანამ ასეთი სიმხეცე არ შეწყდება. ამიტომაც, ვფიქრობ, ძალიან მალე ნახავთ დამატებით ზეწოლას“–თქვა პაისმა MSNBC–ს ეთერში.

“როცა საუბარია ბუჩას სურათებზე, ჩვენ უკვე შევაფასეთ, რომ რუსეთის არმიამ სამხედრო დანაშაული ჩაიდინა. რას ვაკეთებთ ახლა? ახლა ინფორმაციას ვაგროვებთ. პირველ რიგში იმისათვის, რომ ნათელი მოვფინოთ მათ ქმედებებს. მეორე– იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ყველას პასუხისმგებლობა, ვინც ეს სიმხეცე ჩაიდინა, და ყველასი, ვინც ეს შეუკვეთა.  ეს არის ჩვენი მისია“– თქვა მან.

შაბათს სააგენტო ფრანს პრესმა გამოაქვეყნა შოკისმომგვრელი ფოტოები ბუჩადან, სადაც ჩანს მინიმუმ 20 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც მხოლოდ ერთ ქუჩაზე იპოვნეს. ფოტოები იმ დღეს გამოქვეყნდა, როცა უკრაინამ ქალაქის რუსი სამხედროებისგან გათავისუფლების შესახებ გამოაცხადა. ვრცელდება ინფორმაციები, რომ რუსებმა შემზარავ დანაშაულები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კიევის ოლქში, იმ ქალაქებში ჩაიდინეს, რომელთა დაუტოვებაც კიევის ალყის უშედეგო მცდელობის შემდეგ მოუწიათ.

პრაისმა რუსეთ–უკრაინის მოლაპარაკებების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ აშშ ვერ ხედავს ვერანაირ ნიშანს, რომ რუსეთი მართლაც სერიოზულად ეკიდება ომის დეესკალაციას.

პრაისმა ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სანქცების შემდეგ რუსული რუბლი დასტაბილურებას იწყებს: “ეს თითქმის მთლიანად ხელოვნურია. რუბლის დრაკონული ზომების საშუალებით აცოცხლებენ. კრემლი იძულებული იყო ეს ზომები მიეღო რუბლის კურსის შესანარჩუნებლად.“

რაც შეეხება რუსეთის ეკონომიკას, პრაისის თქმით, მხოლოდ ბოლო 5 კვირის განმავლობაში რუსეთის 30 წლიანი ეკონომიკური ინტეგრაცია წყალში ჩაიყარა.