რუსეთის FSB მედვედჩუკის მოსკოვში გადაყვანას გეგმავდა – უკრაინა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ჩვენება მისცა პრორუსი დეპუტატისა და პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის დაკავებულმა მცველმა.

მან გამოძიებას უთხრა, რომ რუსეთის FSB ცდილობდა მედვედჩუკის მოსკოვში გადაყვანას.

“ჩვენების მიხედვით, მედვედჩუკი თავის მზარეულთან და დაცვასთან ერთად იმალებოდა კიევში, კერძო სახლში. “ლეგენდის“ მიხედვით, ეს სახლი სავარაუდოდ იტალიიდან ჩამოსულ ოჯახს აქვს ნაქირავები.

დაცვის თანამშრომელი ყვება, როგორ ემზადებოდა პუტინის ნათლია რუსული სპეცსამსახურების დახმარების იმედით გასაქცევად”,– აცხადებს უწყება.

უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ივან ბაკანოვის თქმით, რუსეთის FSB გეგმავდა მედვედჩუკის წაყვანას ჯერ დნესტრისპირეთში, შემდეგ კი მოსკოვში, მაგრამ უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაქცეული სახალხო დეპუტატი გზაში – კიევის რეგიონიდან გამგზავრებისას დააკავა.

ცნობისთვის, უკრაინის რადას პრორუსი დეპუტატი, ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს დააკავეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს შესთავაზა მედვედჩუკის გაცვლა უკრაინელ ტყვეებში. რუსეთმა მას უპასუხა, რომ მედვედჩუკი უცხოელი პოლიტიკოსია და მას კავშირი არ აქვს სამხედრო ოპერაციასთან.