შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტში ამბობენ, რომ მოკოვი ვაშინგტონის წინააღმდეგ კიბერთავდასხმებს გეგმავს. ინფორმაცია ამის შესახებ დეპარტამენტის ეროვნული უსაფრთხოების დივიზიის უმაღლესმა წარმომადგენელმა გააკეთა.
„იუსტიციის დეპარტამენტში ორიენტირებულები ვართ რუსეთიდან მომდინარე კიბერ საფრთხეებზე და ჩვენ ამისთვის ვემზადებით,“- თქვა მეთიუ ოლსენმა.
მისივე თქმით, ამერიკა პარტნიორ სახელმწიფოებთან მუშაობს რუსეთიდან მომდინარე კიბერსაფრთხეების თავიდან აცილების კუთხით და ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ნატო.
ამერიკის ფედერალურმა მთავრობამ კერძო ორგანიზაციები ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ გააფრთხილა მოსალოდნელი კიბერთავდასხმების შესახებ. ოლსენს არ დაუკონკრეტებია, თუ კონკრეტულად რა ნაბიჯები გადადგა დეპარტამენტმა საფრთხეების თავიდან აცილების კუთხით.
ბოლო დროს რუსული კიბერთავდასხმების გამო, კიევი ტალინში მოქმედ ნატოს კიბერუსაფრთხოების ცენტრში გაწევრიანდა. ცენტრი რუსეთიდან მომდინარე კიბერსაფრთხის განეიტრალებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
ბოლო რუსული კიბერთავდასხმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე მოხდა, თავდამსხმელების მთავარი მესიჯი მაშინ „უარესი წინაა“ იყო.
ვაშინგტონი ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე აფრთხილებდა მოკავშირეებს, რომ რუსეთი კიბერთავდასხმებს გეგმავდა დასავლურ ქვეყნებზე. ამერიკის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ამ გზით რუსეთი შეეცდება დასავლური ქვეყნები ეკონომიკურად დააზიანოს. დასავლეთში მიაჩნიათ, რომ ეს შეიძლება იყოს კრემლის ერთგვარი პასუხი ეკონომიკურ სანქციებზე, რომელიც დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ აამოქმედა.
ამერიკა და პარტნიორი ქვეყნები რუსეთს უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემთხვევაში, მკაცრი ეკონომიკური სანქციების შესახებ აფრთხილებდნენ. მაშინ მოსკოვი უარყოფდა, რომ უკრაინაში შეჭრას გეგმავდა. პარალელურად კი კრემლი უკრაინის საზღვრებთან სამხედროების მობილიზებას აგრძელებდა.
რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. კრემლში მას კვლავ სპეცოპერაციად მოიხსენიებენ. ომის ტაქტიკა მოსკოვმა რამდენჯერმე შეცვალა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ვერ აიღო კიევი, ახლა რუსული ჯარის მთელი კონცენტრაცია აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებზეა გადატანილი.
ზელენსკიმ გუშინ თქვა, რომ რუსულ ჯარს უკრაინის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული.
წყარო: ამერიკის ხმა