რუსეთი ამტიცებს, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმებზე მხარი რუსეთთან შეერთებას დაუჭირეს

რუსული საოკუპაციო ხელისუფლება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ე.წ. „რეფერენდუმების“ შედეგებს აქვეყნებს.

მათი ცნობით, ხმების ასი პროცენტის დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ რუსეთთან შეერთებას დონეცკის ოლქში „ამომრჩევლების“ 99.23%-მა დაუჭირა მხარი, ლუგანსკში – 98.42%-მა, ზაპოროჟიეში – 93.11%-მა, ხერსონში კი – 87.05%-მა.

საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, „რეფერენდუმის“ დროს უხეში დარღვევები და შენიშვნები არ დაფიქსირებულა.

უკრაინის ოთხ ოლქში -დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. „რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს ჩატარდა.