რუსეთი აშშ-ზე კიბერთავდასხმის ვარიანტებს განიხილავს – ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კერძო სექტორს რუსეთიდან მოსალოდნელი კიბერთავდასხმების შესახებ აფრთხილებს.

მის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი აქვეყნებს, ბაიდენი წერს, რომ “ეს არის კრიტიკული მომენტი შიდა კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების დასაჩქარებლად”.

“მე ადრე გაგაფრთხილეთ იმ პოტენციალის შესახებ, რომ რუსეთმა შეიძლება განახორციელოს მავნე კიბერაქტივობა შეერთებული შტატების წინააღმდეგ, მათ შორის უპრეცედენტო ეკონომიკური ხარჯების საპასუხოდ, რომელიც რუსეთს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად დავაკისრეთ. ეს რუსეთის სათამაშო წიგნიდანაა. დღეს ჩემი ადმინისტრაცია იმეორებს იმ გაფრთხილებებს, რომლებიც ეფუძნება დაზვერვას, რომ რუსეთის მთავრობა პოტენციური კიბერთავდასხმების ვარიანტებს განიხილავს”,– აცხადებს ჯო ბაიდენი.

პრეზიდენტის განმარტებით, მისი ადმინისტრაცია პირველივე დღიდან მუშაობდა ეროვნული კიბერთავდაცვის გასაძლიერებლად ფედერალური მთავრობისთვის და იმ კრიტიკული ინფრასტრუქტურული სექტორებისთვის, სადაც ამის უფლებამოსილება აქვს.

“ჩემი ადმინისტრაცია გააგრძელებს ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის კიბერშეტევების შეკავების, ჩაშლისა და საჭიროების შემთხვევაში რეაგირებისთვის. მაგრამ მხოლოდ ფედერალურ მთავრობას ამ საფრთხისგან დაცვა არ შეუძლია. ამერიკის კრიტიკული ინფრასტრუქტურის უმეტესი ნაწილი ეკუთვნის კერძო სექტორს და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელებმა და ოპერატორებმა უნდა დააჩქარონ ძალისხმევა ციფრული კარების ჩაკეტვის მიზნით”,– აღნიშნავს ბაიდენი.

ის მოუწოდებს კერძო სექტორს, დაუყოვნებლივ გააძლიერონ თავიანთი კიბერთავდაცვა.

“თქვენი სიფხიზლე და გადაუდებელი ქმედებები ხვალინდელი თავდასხმების თავიდან აცილებას ან შერბილებას შეძლებს”,– წერია აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებაში.