რუსეთი აცხადებს, რომ კრეისერი “მოსკვა” ჩაიძირა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ ჩაიძირა.

მათი ცნობით, ხომალდი ბუქსირებისას “საბრძოლო მასალის” აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანების გამო ჩაიძირა.

“კრეისერმა მოსკვამ ბუქსირებისას სტაბილურობა დაკარგა საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად მიღებული კორპუსის დაზიანების გამო. შტორმის პირობებში გემი ჩაიძირა”, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ კრეისერის ეკიპაჟის ევაკუაცია განხორციელდა შავი ზღვის ფლოტის გემებზე.

შეგახსენებთ, რომ ეს ის ხომალდია, რომელიც კუნძულ ზმეინზე უკრაინელმა ჯარისკაცებმა ცნობილი მიმართულებით გაუშვეს.

ცნობისთვის, რუსული მხარე აქამდე ამტკიცებდა, რომ მოახერხეს ხომალდზე ხანძრის ლოკალიზება.

პენტაგონის ცნობით, რუსულ კრეისერ “მოსკვაზე” “აფეთქება მოხდა”, მაგრამ აშშ ამ ეტაპზე ვერ ადგენს, რამ გამოიწვია ეს. მათივე განმარტებით, აფეთქებამ გემს დიდი ზიანი მიაყენა.

გუშინ უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის კრეისერს ორი რაკეტა მოარტყეს.