რუსეთში ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინამ კიდევ ერთხელ დაბომბა რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარე დასახლება. მისი ცნობით, დაშავდა ერთი მამაკაცი.
“სოფელ ჟურავლიოვკას უკრაინული მხრიდან ბომბავენ. დასახლების ხელმძღვანელის, ანჟელიკა სამოილოვას ცნობით, დაზიანდა 5 კომლი. არის მსხვერპლი – ახალგაზრდა მამაკაცი ღრმა ჭრილობით. ჯერ ვერ გავიგეთ, როგორ აღმოჩნდა სოფელში. ჟურავლიოვკადან და ნეხოტეევკიდან მოსახლეობა რამდენიმე კვირის წინ გამოიყვანეს. მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავარკვევთ. მას ახლა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდება. ყველა დეტალს მოგვიანებით მოგახსენებთ”,– აცხადებს გლადკოვი.
მისივე ცნობით, ტერორისტული საფრთხის “ყვითელი“ დონე ბელგოროდში კიდევ 2 კვირით გახანგრძლივდა და ის 9 ივნისამდე იმოქმედებს.