რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 14 წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოითხოვს ქვეყნის ტერიტორიების ნაწილის დეოკუპაციას.
„რუსეთი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, ოკუპაციის ქვეშ ჰყავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს საქართველოს ამ ტერიტორიებზე. უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე განცხადების მიხედვით, იმის გამო, რომ მსოფლიო საზოგადოებისგან რუსეთმა სათანადო პასუხი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე არ მიიღო, 2014 წელს რუსეთმა გააგრძელა აგრესიული ქმედებები უკრაინაში – დაიკავა ყირიმი და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილი, ხოლო 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი მოქმედებები დაიწყო.
„დარწმუნებულნი ვართ, რომ შესაძლებელია რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის შეჩერება საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის მკაცრი დაცვისა და იმ ქვეყნების სრული მხარდაჭერით, რომლებზეც მოსკოვი ახორციელებს აგრესიას. შესაძლებელია საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დეოკუპაცია, ხოლო რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა უნდა აგონ უმკაცრესი პასუხი“, – წერია განცხადებაში.